წიგნები

როგორი იქნება ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები

633
(განახლებულია 18:48 16.05.2018)
ახალი სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს გამოჩნდება.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I–VI კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პირველი ეტაპი დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი განათლების სამინისტრომ გასულ წელს შეიმუშავა, რომლის თანახმად, წიგნების დაბეჭდვის წინ სამი თვის განმავლობაში ისინი ხელმისაწვდომი იქნება სპეციალისტებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც გამოავლენენ ხარვეზებს, ხოლო მომავალში ავტორები ვალდებული იქნებიან, კორექტივები შეიტანონ მასში.

გრიფირება სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომელსაც სახელმწიფო კომისიის წევრები აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. სახელმძღვანელო ფასდება 40-მდე კრიტერიუმით, რომელიც განსაზღვრულია „ეროვნული სასწავლო გეგმით" და ყველა სახელმძღვანელოს მინიმუმ სამი პედაგოგი აფასებს.

„სახელმძღვანელოებში, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და გადავიდნენ მეორე ეტაპზე, ხდება მითითებული რეკომენდაციების ასახვა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განიხილავენ, რამდენად არის გათვალისწინებული რეკომენდაციები", – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

ამჟამად საქართველოს განათლების სამინისტრო სახელმწიფო სკოლებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს და, მთავრობის სტრატეგიის თანახმად, ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ახალ სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოები I–VI კლასების 290 ათას მოსწავლეს გადაეცემა. ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 2,2 მილიონამდე წიგნისა და მილიონამდე რვეულის შესაძენად. ამისთვის კი ჯამში 7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ახალი სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს გამოჩნდება.

633
თემები:
განათლება საქართველოში (221)