ახალგაზრდა კომპიუტერით

SOS! დაიცავით მოზარდები ინტერნეტ–სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგი გამოჩნდა

978
(განახლებულია 16:18 16.05.2018)
აქტივობა შენიღბულია კომპიუტერული ან სატელეფონო თამაშის სახით და მასში ჩართვისგან დაზღვეული არავინ არის.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ მანიპულაციური თამაშის „ჩარლის“ შესახებ, რომელიც, როგორც ირკვევა, „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგია.

„ჩარლი“ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი თამაშია, რომლსაც საბოლოო ჯამში ბავშვი სავალალო შედეგამდე მიჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, მაგალითად, გააფუჭონ დედის საყვარელი ნივთი, მოატანინონ, ან მიუტანონ მეგობარს სხვადასხვა ნივთები და ა.შ. მიცემული დავალებები ეტაპობრივად რთულდება და საბოლოო ჯამში მოზარდი ფატალურ შედეგამდე მიჰყავს.

აღნიშნული თამაშიდან წარმოქმნილი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  რეკომენდაციების გათვალისწინება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხოებას.

სპეციალისტი გირჩევთ:

* ამ აქტივობაზე, თამაშზე საკუთარი ინიციატივით საუბრის წამოწყება სახიფათოა – ინტერესის გაზრდის რისკის გამო.

* შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

*  არ უსაყვედუროთ;

*  არ შეაშინოთ;

*  არ დაემუქროთ, რომ ამ აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში დასჯით;

*  გამოიჩინეთ მხარდაჭერა;

*  აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. უთხარით, რომ გიყვართ;

*  არ გააუფასუროთ ბავშვის მონაყოლი, აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი და მონაყოლი მნიშვნელოვანია;

*  უთხარით, რომ ყველაფერს გააკეთებთ მის დასაცავად;

*  აგრძნობინეთ, რომ უსაფრთხო გარემოშია;

*  მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად;

*  ყურადღება მიაქციეთ ბავშვი/მოზარდი დღის განმავლობაში რით არის დაკავებული და დაგეგმეთ მშობლებისა და შვილების ერთობლივი აქტივობები (მაგალითად, გასეირნება პარკში, თიხით ძერწვა, ლოგიკური თამაშები და ა.შ.);

*  ყურადღების გაზრდა არ ნიშნავს გადამეტებულ კონტროლს, შეზღუდვასა და აკრძალვებს;

*  დააკვირდით ბავშვის ქცევის ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის არაბუნებრივად პოზიტიურსაც კი;

*  დააკვირდით, უარს ხომ არ ამბობს იმ აქტივობებზე, რომლებშიც ადრე ჩართული იყო;

*  დააკვირდით, ხომ არ აქვს ძილის პრობლემები;

*  დააკვირდით გუნება-განწყობის ცვლილებას;

*  თუ ბავშვი/მოზარდი დაგისვამთ კითხვას, დააზუსტეთ ინფორმაციის წყარო და რა დოზით ფლობს ინფორმაციას;

* უპასუხეთ წყნარი ტონით და მშვიდად აუხსენით, რომ ეს არ არის თამაში, ეს არის მანიპულაცია, რომელზეც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი წამოეგოს და რომლის მიზანია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება. მუქარისა და მანიპულაციური შინაარსის შეტყობინებით ისინი ცდილობენ ბავშვებისთვის დავალებების მიცემას. ამ შეტყობინების/დავალებების იგნორირება აუცილებელია აქტივობიდან გამოსვლისთვის.

* აუხსენით ბავშვს/მოზარდს, რომ გამოსვლა და იგნორირება არ უქმნის საფრთხეს ბავშვს/მოზარდს ან მის ახლობლებს.

* არ მისცეთ პირობა, რომ მონაყოლი თქვენ შორის დარჩება, თუმცა გააფრთხილეთ, რომ მხოლოდ იმ პირს გადასცემთ ინფორმაციას, ვინც დაგეხმარებათ;

*  აუცილებლად დაიცავით კონფიდენციალურობა და ინფორმაცია გადაეცით მხოლოდ შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებს (მაგალითად, სკოლის ადმინისტრაცია).

* გაარკვიეთ, არის თუ არა ბავშვი/მოზარდი ჩართული აქტივობაში, ხომ არ იცის ბავშვმა/მოზარდმა ვინმე, ვინც შეიძლება ასევე ჩართული იყოს ამაში და თუ არის, დაუყოვნებლივ მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

* თუ ბავშვი/მოზარდი ჩართულია, ჰკითხეთ, რას გულისხმობს ჩართულობაში და აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

978