გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენს შორის კედელი არ არსებობს - პრემიერის კომენტარი საპროტესტო აქციაზე

54
პრემიერმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ხელისუფლებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპროტესტო აქციის კომენტირებისას, რომელიც გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე გაიმართა.

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ იცეკვა 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალზე იცეკვა, რამაც მათი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ღამის კლუბებში მყოფი ადამიანები ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ღალატობენ.

„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი: მადლობას ვუხდი პატრულს >>

მთავრობის მეთაურმა პოლიციელების მოქმედებებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ მათ მომიტინგეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცველები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა — ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა მან.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის კვირას მიღწეული შეთანხმება ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების თაობაზე ძალაში რჩება და უახლოეს დროს პარლამენტში წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოო ვერსია.

„რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე — ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ სამშაბათს გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები, რომლებიც იმუშავებენ კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით. 


54
თემები:
მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოში (66)