შახტი

რას მოითხოვენ ტყიბულელი მეშახტეები „საქნახშირისგან“

61
(განახლებულია 20:40 15.04.2018)
2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ექვსი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი სიცოცხლისა და შრომის უფლების დაცვისათვის, აღნიშნულია ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის Facebook-გვერდზე.

2018 წლის 5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ექვს აპრილს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფს, რომელიც სულ რამდენიმე დღეა შეიქმნა,  კომპანია „საქნაშხირის“ მიმართ კონკრეტული მოთხოვნები გააჩნია:

„დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების ფუნქციონირება; კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება.

დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის;

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან საწარმოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე პასუხიმგებელი პირები“, — ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულის სამთო-მომპოვებელ კომბინატში დასაქმებულმა გადაიღო ვიდეო, რომელიც იმ გარემოს ასახავს, რომელშიც მეშახტეებს უწევთ მუშაობა.

ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით კი, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები 12-მა მიიღო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შახტების მუშაობის დროებითი შეჩერების მოთხოვნით უკვე მეორე წერილი გაუგზავნა. 

ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოზე პირველად 1846 წელს დაიწყო და 1990 წლების მიწურულამდე გაგრძელდა. 2006 წლიდან კი კომპანია  „საქნახშირმა (ჯი-აი-ჯგუფი)" განაახლა ნახშირის მოპოვება. 

შპს „საქნახშირი“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სრულ მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანიაა. ის ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში, სადაც მოქმედებს ორი ნახშირის საბადო — მინდელი და ძიძიგური.  არსებული ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში „საქნახშირის“ ობიექტებზე 20-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

61
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (86)