ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს გამოეთხოვნენ

© Sputnik / STRINGERტყიბული - მინდელის შახტში შესასვლელი, სადაც ადამიანები დაიღუპნენ
ტყიბული - მინდელის შახტში შესასვლელი, სადაც ადამიანები დაიღუპნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეშახტეების დაკრძალვას მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ტყიბულში ხუთი დაღუპული მეშახტე დაკრძალეს, მეექვსეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

2018 წლის 5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი  სხეულის დაზიანებები მიიღო. ექვს აპრილს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის განმავლობაში დაღუპული მეშახტეების ოჯახები და ნათესავები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან სამძიმრებს იღებდნენ.

შახტი - Sputnik საქართველო
დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

„ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო თითოეულ მათგანს. შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, ვიდრე დღეს კეთდება, ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადგილებს, სადაც შრომა ყველაზე მეტად რისკის შემცველია“, — ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

ტყიბულში სუბართან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც ჩავიდა. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებმა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და ამავე პარტიიდან თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

დაღუპული მეშახტეების თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით გამოეყოფა 50 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 30 000 ლარს კი კომპანია „საქნახშირი“, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შედის (GIG).

„დიდი ტრაგედიაა დღეს ტყიბულში. ამ უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს გამოაცალა ექვსი საუკეთესო შვილი. დიდი ტრაგედიაა ჩვენი კოლექტივისთვის, ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის“, — განაცხადა ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბეჟუაშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები 12-მა მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0