ტატუნაშვილის ოჯახს ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები ეკლესიაში
ანთებული სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახს მიუსამძიმრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საპარლამენტო უმეავლესობამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. წეროვანში წმინდა გიორგის ეკლესიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გამოსვენების პროცესი დაიწყო. ცხედარს გადაასვენებენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ტატუნაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებიან. ოჯახს მიუსამძიმრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საპარლამენტო უმეავლესობამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

დაღუპულის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა.

ანთებული სანთლები მონაზვნის ხელში - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით 2008 წლის ომის გმირებთან დაკრძალავენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.

არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ 11 მარტს შეძლეს.

23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ცხინვალში გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს სახალხო დამცველი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის თბილისის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, საკუთარ სახლში, სოფელ წილკანში გადაასვენეს.

რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად.

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, თითქოს ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული.

საქართველოს სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილს სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია.

საქართველოს ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ამაზე საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0