არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში მიმდინარეობს

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთლები მონაზვნის ხელში
ანთებული სანთლები მონაზვნის ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით 2008 წლის ომის გმირებთან დაკრძალავენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით 2008 წლის ომის გმირებთან დაკრძალავენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
თბილისის შემოსასვლელთან რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხდება

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.

არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ 11 მარტს შეძლეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს

23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ცხინვალში გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს სახალხო დამცველი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის თბილისის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, საკუთარ სახლში, სოფელ წილკანში გადაასვენეს.

რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად.

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, თითქოს ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული.

საქართველოს სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილს სადაზვერვო საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

საქართველოს ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ამაზე საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0