თბილისის შემოსასვლელთან რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, თბილისის შემოსასვლელ საავტომობილო გზაზე შეფერხება იქნება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.

ამ ტერიტორიებზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნება მობილიზებული.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ 11 მარტს შეძლეს.

23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად.

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, თითქოს ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული.

საქართველოს სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილს სადაზვერვო საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

საქართველოს ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ამაზე საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0