არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. არჩილს ტატუნაშვილს შაბათს, 24 მარტს სამხედრო პატივით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილს სოფელ ქანდაში დაკრძალავდნენ. თუმცა, სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს

არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება მათ მხოლოდ 11 მარტს შეძლეს.

23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ცხინვალში გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს სახალხო დამცველი, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის თბილისის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, საკუთარ სახლში, სოფელ წილკანში გადაასვენეს.

რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდის მწვავე იშემიის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებულია, რომ ტატუნაშვილი ღვიძლის ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით იყო ავად.

ე.წ. საზღვარი ცხინვალის რეგიონთან - Sputnik საქართველო
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენების მიზნით ერგნეთში "წითელი ჯვარი" შევიდა - ვიდეოკადრები

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, თითქოს ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილს სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია.

საქართველოს ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა. ამაზე საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0