LM–TV – მეგრულ-ლაზური ტელევიზია მეგრული ენის სადარაჯოზე

© photo: Sputnik / AlexTikhomirovსატელევიზიო სტუდია
სატელევიზიო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტ-სივრცეში მალე ახალი ტელევიზია გამოჩნდება, რომლის მიზანი იუნესკოს მიერ საფრთხის ქვეშ მყოფი ენების ჩამონათვალში შესული მეგრული ენის გადარჩენაა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. LM–TV — ასე ჰქვია მეგრულ-ლაზურ ტელევიზიას, რომლის მაუწყებლობის დაწყება ინტერნეტ-სივრცეში მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იური ღვინჯილიამ რამდენიმე დღის წინ მეგრულ ენაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვით დააანონსა.

„ჩვენი ენა — ლაზურ-მეგრული იუნესკოს მომაკვდავი ენების სიაში აქვს შეტანილი, როცა არ საუბრობენ — ენა კვდება… ჩვენი ენა რომ არ მოკვდეს, ახალ პროექტს ვიწყებთ — ლაზურ-მეგრულ ინტერნეტ-ტელევიზიას“, — აცხადებს ვიდეომიმართვაში იური ღვინჯილია.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ღვინჯილიამ უთხრა, ინტერნეტ-ტელევიზია მაუწყებლობას 10-15 დღეში დაიწყებს.

„გვაქვს აუდიო- და ვიდეოსტუდია, სადაც გადავიღებთ საინფორმაციო გამოშვებებს, დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებს და მულტფილმებს ვთარგმნით მეგრულ-ლაზურ ენაზე“, — აცხადებს ღვინჯილია.

მან აღნიშნა, რომ ცოტა ხანში კონკურსიც გამოცხადდება ჟურნალისტებზე, სადაც მთავარი კრიტერიუმი მეგრულ-ლაზური ენის ცოდნა იქნება.

რაც შეეხება ინტერნეტ-ტელევიზიის ცენტრალურ ოფისს, ღვინჯილია ამბობს, რომ დღევანდელი კომუნიკაციების ეპოქაში ეს პრობლემა არ არის და ოფისი სად იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0