გამოქვეყნდა რუსეთის პატრიარქისადმი ილია მეორის წერილის ტექსტი

© Sputnik / STRINGERსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქ კირილს მგლოვიარე ოჯახის დახმარების თხოვნით მიმართა

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში შუამდგომლობის თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის 22 თებერვალს, თითქოსდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

მავთულხლართები ცხინვალის რეგიონში - Sputnik საქართველო
უშედეგო მოლაპარაკება ერგნეთში — ქართულმა მხარემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით. ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს  არ აქვთ საშუალება, დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს“, — ნათქვამია წერილში.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მიმართა თხოვნით რუსეთის პატრიარქს, რათა მან თავისი დიდი ავტორიტეტი გამოიყენოს.

„ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, — ნათქვამია წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში".

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ტატუნაშვილის სიკვდილი გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც, მიუხედავად გათავისუფლებისა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.


ყველა ახალი ამბავი
0