სამთავრობო კომისიამ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა დაამტკიცა

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია 2018 წელს კარდაკარის პრინციპით ჩატარდება, ხოლო ქიმიური დამუშავების პროცესი მარტიდან დაიწყება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები შედიან. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო
აზიურმა ფაროსანამ გაიღვიძა – ფერმერები საგონებელში არიან

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია 2018 წელს კარდაკარის პრინციპით ჩატარდება, ხოლო ქიმიური დამუშავების პროცესი მარტიდან დაიწყება. მავნებლებისგან მიყენებული ზარალი ჯერ ციფრებში დათვლილი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურმა ფაროსანამ შარშან თხილის მოსავლის 20% გაანადგურა.

სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების" შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებს სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო. 

„უკვე დაიგეგმა ღონისძიებები და სამთავრობო კომისიაში შემავალ უწყებებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. კომისია მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს იმ სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობას, რომელიც 2018 წლისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით არის დაგეგმილი“, — განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობებისთვის მიცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ამასთან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას უზრუნველყოფს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას სახლის პირობებში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ასევე მოამზადებს შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს. 

განათლების სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს.  

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
რა ღონისძიებები განხორციელდება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფების შექმნა დაევალა, რომლებმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის გრაფიკის შედგენა უნდა განახორციელონ. 

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ყველა სამთავრობო უწყება საკუთარ ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ქიმიური და მექანიკური ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს.

2017 წლის დეკემბერში „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება.

ყველა ახალი ამბავი
0