აფთიაქი

საქართველოში უფასო მედიკამენტების სია გაიზრდება

421
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის მედიკამენტებს უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გასცემს

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაშია შესული, ისევე როგორც იმ პირთა სია, რომლებისთვისაც ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება, სავარაუდოდ, 2018 წლის ზაფხულში გაფართოვდება, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერთა კატეგორიას ეკუთვნის, 1 ივლისიდან ყოველთვიურად საჭირო მედიკამენტებს იღებს. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებული მედიკამენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 23–დან 50–მდე, სახელმწიფო პროგრამა კი უნდა გავრცელდეს არამარტო სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომლებსაც  აქვთ არანაკლებ 100 ათასი ქულა.

 „ეს სია უნდა გაიზარდოს. მასში უნდა მოხვდნენ პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დამატებითი კონტინგენტი“, – განაცხადა სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მინისტრმა დასძინა, რომ სოციალურად დაუცველი პირები წამლებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ხოლო პენსიონერები – საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასში შეიძენენ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სერგეენკომ აღნიშნა, რომ არსებობს მედიკამენტებზე ფასის კლების რესურსი.  

 „საყოველთაო დაზღვევა სტაციონარში წამლების ღირებულებას ფარავს. ჩვენ აქცენტი მთავარ პრობლემაზე გადაგვაქვს – ეს ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებია, რომლებიც პაციენტებმა ხანგრძლივი დროის ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ“, – აღნიშნა სერგეენკომ და დასძინა, რომ გასულ წელს დაწყებული პროგრამა ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, იგი საკმარისი არ არის.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე უფასო მედიკამენტებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

რაც შეეხება ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე მის განსახორციელებლად 5 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.


421
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (164)