საპატრიარქოს უნივერსიტეტი

საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოებას შეასწავლიან

62
(განახლებულია 18:38 08.02.2018)
საპატრიარქოს უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების საკითხი მეუფე იაკობმა ამერიკელ სპეციალისტებთან განიხილა

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik.  საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნეს–ადმინისტრირების მიმართულებებით ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები დაინერგება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. მან განათლების სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები უკვე გამართა.

 „ჩვენ გვსურს უნივერსიტეტში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, გავხსნათ ინგლისურენოვანი მაგისტრატურები. როდესაც საქართველოში დავბრუნდები, ამერიკის საელჩოსთან ერთად გავივლით ყველა საკითხს… შეხვედრის დროს ამერიკულ მხარეს გაუხარდა, რომ ჩვენ ფული არ მოვთხოვეთ, ჩვენ ყველაფერი ჩვენი რესურსების დახმარებით გვინდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან. 

მისი სიტყვებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა აშშ–ში მაისში გაიმართება და შეხვედრის მომზადების საკითხში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩერთვება.

უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით 2008 წელს გაიხსნა. იგი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ახალი უნივერსიტეტია, სადაც სწავლა სამივე საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა – მიმდინარეობს. მიმართულებები სხვადასხვაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური, სამართალმცოდნეობა, ფიზიკა–მათემატიკა, ეკონომიკა და ბიზნესი, ბუნებისმეტყველება.

 

62
თემები:
განათლება საქართველოში (169)