აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპმა იცის სად არის საქართველო: NDI-ს დირექტორმა თავისი სიტყვები უკან წაიღო

333
(განახლებულია 17:57 30.01.2018)
განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა არ იცის სად მდებარეობს საქართველო, სკანდალის მიზეზი გახდა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორმა ლორა ტორნტონმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ბოდიში მოიხადა.

საქართველოში სკანდალი გამოიწვია კვირის დასაწყისში ტორნტონის მიერ Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც ტორნტონი ამბობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „რუკაზე საქართველოს, დიდი ალბათობით, ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს“.

„სოციალურ მედიაში ჩემ პირად გვერდზე გავაკეთე კომენტარი, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც უსამართლო საქართველოს ან აშშ–საქართველოს ურთიერთობების მიმართ. ამის გამო ვწუხვარ, ვინაიდან ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა. მე მჯერა საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთოებების და NDI ერთგულია თავისი საქმიანობის საქართველოში“, — აღნიშნა ტორნტონმა. 

მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს, საქართველოსთან საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა აკავშირებს. მომავალი პრეზიდენტი საქართველოს 2012 წელს ესტუმრა, გარდა ამისა, ის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია, რომელიც მას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს 2010 წლიდან ატარებს.

ორგანიზაცია 1983 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ შეიქმნა „განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის წინსვლის მიზნით“. მას აფინანსებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდი და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო წყაროები.

333