ინტერნეტსადგური

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს

159
(განახლებულია 15:29 26.01.2018)
კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ აშშ დოლარია.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია „სილქნეტი“ მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ ყიდულობს, ნათქვამია „სილქნეტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ აშშ დოლარია.

„შეთანხმება მიღწეულია „ჯეოსელის“ აქციონერებთან – Telia Company-სთან (STO:TELIA) და Turkcell–თან (NYSE: TKC, IST: TCELL). დაფინანსება მოხდება „თი-ბი-სი ბანკისა“ და მის მიერ ორგანიზებული რეგიონული ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები.

„ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი”, — განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

„ჯეოსელი“ საქართველოში პირველი GSM ოპერატორია. ის 1996 წლის სექტემბერში დაარსდა, კომპანიის აბონენტებმა კი ქსელის გამოყენება 1997 წლის მარტიდან შეძლეს. 2001 წელს „ჯეოსელი“ GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, რასაც წინასწარი გადახდის სისტემის „ლაი-ლაის“ შემოღება მოჰყვა.

კომპანია „სილქნეტმა“ ფუნქციონირება რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად 2010 წლიდან დაიწყო. „სილქნეტი“ საინვესტიციო ჯგუფი „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს-სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.

159
თემები:
თბილისი დღეს (626)