ეროვნული ბანკის სათაო ოფისი

ეროვნული ბანკი ზომებს იღებს „ფინანსური პირამიდებისგან" მოსახლეობის დასაცავად

71
(განახლებულია 13:44 26.01.2018)
ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა, მათ შორის, სესხის მიღება, ან ამ სახსრების მოზიდვის რეკლამირება ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს მიაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება, პირველ რიგში, მომხმარებლის „ფინანსური პირამიდებისგან" დაცვაზეა ორიენტირებული, რადგან ის აძლევს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას, ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით ფულად სახსრებს იზიდავენ.

„ეს ახალი რეგულაცია ავალდებულებს კომპანიებს, რომლებსაც მოსახლეობისგან ფულადი სახსრების მოზიდვა სურთ, ეროვნულ ბანკს თავიანთი საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინონ, შედეგად, მარეგულირებელს მუდმივად ექნება ინფორმაცია კომპანიების საქმიანობაზე", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „Sputnik—საქართველოსთან" საუბრისას.

პაატა ბაირახტარის განმარტებით, „ფინანსური პირამიდა“ საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების იურიდიული ფორმაა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა" (შპს), რომელთაც, როგორც წესი, არ გააჩნიათ არანაირი მატერიალური აქტივები და არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.

„სწორედ მაღალი სარგებლის შეთავაზებით იზიდავენ მოსახლეობის ძირითად ნაწილს პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, პირამიდული სქემები საქართველოში სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იღებს და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ჯერ კიდევ მაშინ კარგი გაკვეთილი მიიღო, სარგებლის მიღების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მაინც ჩაერთო საზოგადოება ფინანსურ პირამიდებში და ახლა სახელმწიფოსგან დახმარებას რამდენიმე ასეული მეანაბრე ითხოვს.

„ჩვენი მთავარი პრობლემა წლების წინ იყო ის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი, მოქმედებას პოსტფაქტუმ იწყებდა, ამ რეგულაციის შემდეგ კი მას შეუძლია ამ სქემებით მომუშავე კომპანიები საწყის ეტაპზევე გამოავლინოს. აქედან გამომდინარე, ეს მომხმარებლის დასაცავად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია, თუმცა ეს რეგულაცია მის სრულად დაცვას ვერ უზრუნველყოფს", — თქვა პაატა ბაირახტარმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, თუ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვის მსურველი ბიზნეს-სუბიექტები არ გაივლიან სათანადო რეგისტრაციას, ან არ მიიღებენ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიას, მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

71