ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

გამოწერა
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ, როგორ ხვდება ქვეყანა ერთ–ერთ უმთავრეს მართლმადიდებლურ დღესასწაულს — ქრისტეშობას და რით განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო ტრადიციები ერთმანეთისგან.

ქრისტეშობა საქართველოში, ისევე როგორც სრულიად ქრისტიანულ სამყაროში, ერთ–ერთი უმთავრესი და სათაყვანო დღესასწაულია და ის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტრადიციებისგან მრავალი ორიგინალური, საინტერესო და ლამაზი რიტუალით განსხვავდება. 

მიზეზი ხილულია: საქართველო — ეს ერთმანეთისგან განსხვავებული, პირველყოფილი და ულამაზესი ადათების მქონე თვითმყოფადი ქართველური ხალხების ჭეშმარიტი კლონდაიკია. 

ამიტომაც ქრისტეშობის იდუმალი დღესასწაული ამ მრავალეთნიკურ მიწაზე ტრადიციების შესაშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  

ქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული სუფრა

ქრისტეშობა  ქართულად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „შობას“ სხვადასხვა სახელი აქვს. 

სამეგრელოში ამ დღესასწაულს „ქრისტეს საღამოს“ უწოდებენ, რაჭასა და ქვემო სვანეთში — „ჩანტლობას“, ზემო სვანეთში — „შობის“, ქართლში „შობის ღამეს“, ხოლო  მთიულეთში „თხილობას“ უწოდებენ. 

თუშები საშობაოდ „კოტორს“ აცხობენ და ალილოზე ჩამომვლელებს ურიგებენ. შობის ღამეს თუშები ღია ცის ქვეშ იკრიბებიან, ქეიფობენ და სასწაულის მოლოდინში ცას ასცქერიან.  

ემოციური გურულები საშობაო სუფრაზე აუცილებლად დებენ ჩიჩილაკს. გულღია კახელები შობის ღამეს ქვევრიდან ზედაშეს იღებენ, რომელსაც სამად ანაწილებენ. მის ერთ ნაწილს ეკლესიას სწირავენ ღვთისმსახურებისთვის, მეორეს ღარიბებს ურიგებენ, ხოლო მესამე ნაწილი სადღესასწაულო სუფრაზე მიაქვთ და სწორედ ამ საუკეთესო ღვინით აღნიშნავენ ქრისტეშობას. 

ალილოობა

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ბეთლემში ორი ათასი წლის წინ იშვა, ქართველები ყოველთვის ისე აღნიშნავენ მას, თითქოს უფლის ძის შობის სასწაული დღეს მოხდა. 

შობის ღამის დადგომამდე საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თბილისის  წმიდა სამების სახელობის ტაძარში აღავლენს ლიტურგიას. 

გამთენიისას კი, საშობაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ალილოობა, ანუ ყრმა იესოს დაბადების აღსანიშნავი ულამაზესი აღლუმი იწყება, რომელიც რაღაცით საკარნავალო მსვლელობას ჩამოჰგავს. სახელწოდება „ალილო“ ებრაული სახოტბო სიტყვიდან, „ალილუიადან“ მომდინარეობს.  

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

ალილოობა საქართველოში უხსოვარი დროიდან აღინიშნება, თუმცა საბჭოთა პერიოდში ამ დღესასწაულს, ისევე როგორც სხვა რელიგიურ დღესასწაულებს, ათეისტური ხელისუფლება კრძალავდა. ალილოს ულამაზესი ტრადიცია ჩვენში დაახლოებით ოცი წლის წინ აღდგა პატრიარქ ილია მეორის წყალობით.  

ალილოზე გამოსული მამაკაცები და ბავშვები, რომელთაც წინ მახარობელი მიუძღოდათ, წარსულში კარდაკარ დადიოდნენ, თითქმის ყველა სახლთან ჩერდებოდნენ და სიმღერით ულოცავდნენ შობას მასპინძლებს. დიასახლისები კი მათ სახლის ზღურბლზე ხვდებოდნენ ხილით, ტკბილეულითა და სხვადასხვა სანოვაგით ხელდამშვენებულები, რომელსაც მერე მათვე ჩუქნიდნენ. 

სვანეთში ალილოზე გამოსულებს მწყემსის ტყაპუჭები აცვიათ და მწყემსისავე კომბლები უკავიათ, რითაც ახალშობილი იესოს სანახავად მისულ მწყემსებს განასახიერებენ.  

© Sputnik / Levan Avlabreliჩურჩხელები და ჩირები
ჩურჩხელები და ჩირები - Sputnik საქართველო
ჩურჩხელები და ჩირები

მოალილოვეთა შორის არიან წითელჯვრიანი თეთრი პერანგებით შემოსილი სტიქაროსნები და ეკლესიის  მსახურები, რომლებსაც ხატები, ხორუგვები და ჩირაღდნები დააქვთ და საალილოო სიმღერას მღერიან. მათ წინ მიუძღვით ხარებშებმული ურემი, რომელზეც კალათები ალაგია შეჭირვებულთა და ობოლთა დასახმარებლად გაღებული ტკბილეულის, ხილისა თუ სათამაშოების ჩასალაგებლად. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეურთდეს ალილოზე მოსიარულეთა ჯგუფს. ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა. 

საშობაო სუფრა: რომელი მხარე რითაა მდიდარი? 

რაც შეეხება გასტრონომიულ სიამოვნებას, ამ მხრივ შობა ფანტასტიკურად მრავალფეროვანია, ვინაიდან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სადღესასწაულო სუფრისთვის აბსოლუტურად განსხვავებული კერძები მზადდება. 

იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში საშობაოდ საცივსა და ელარჯს ამზადებენ და აჯიკაწასმულ გოჭს წვავენ. 

დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტკბილეულს — თაფლს, სხვადასხვა ხილის ჩირსა და ბადაგში მოხარშულ გოგრას. 

კახეთში ქადებს აცხობენ, მწვადებს წვავენ და მუჟუჟს აკეთებენ.  

ალილოობა თბილისში
ალილოობა თბილისში - Sputnik საქართველო
ალილოობა თბილისში

ფშავ–ხევსურეთში შობა წარმოუდგენელია ხინკლის, შინნახადი არყისა და შინაური ლუდის  გარეშე. 

ქართლში სადღესასწაულო კვერებს აცხობენ, რომლებსაც შობის პერსონაჟების ფორმას აძლევენ. დიასახლისები მათ ოჯახის წევრებსა და შინაურ ცხოველებსაც აჭმევენ. 

სვანეთში აუცილებლად კლავენ ღორს, აცხობენ კუბდარს, ხაჭაპურს, ფხლოვანსა და ფეტვრას. ეს უკანასკნელი ხაჭაპურის ნაირსახეობაა, რომელშიც წარსულში აუცილებლად ამატებდნენ კანაფის დანაყილ თესლს. დღეს ამ ინგრედიენტს ფეტვი ცვლის. 

შობაზე სვანური სუფრისთვის აუცილებელია ხორცისგან დამზადებული კერძები: კუპატები და უძველესი სვანური „ზისოხრა“ — სისხლიანი ძეხვი. 

გურიაში ყველისა და კვერცხის გულსართიან ღვეზელებს აცხობენ, აჭარაში კი ტრადიციულად და აუცილებლად მიიჩნევა ფაჰლავა და აჩმა.  

საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა
საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა - Sputnik საქართველო
საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა

და კიდევ რამდენიმე მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველი განსაკუთრებულად ხვდება.  

ამის მაგალითია ულამაზესი ტრადიცია: შობის ღამეს ყველა ქართველის სახლის ფანჯარაში იდგმება ანთებული სანთელი, რომლის შუქსაც ნებისმიერი გამვლელი ხედავს. 

ეს ტრადიცია იმ ბიბლიურ ღამეს შეგვახსენებს, როდესაც მარიამი იოსებთან ერთად ღამის გასათევს ეძებდა მოსალოგინებლად. იმ დღიდან ორი ათას წელზე მეტი გავიდა, მაგრამ საქართველოში ქრისტეშობის ღამეს დღემდე ციმციმებს ათასობით სანთელი — ნიშნად იმისა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სიკეთეს მიმადლებს თითოეულ ოჯახს. 

შობაზე მორწმუნე ქართველები ბეთლემის ვარსკვლავით განათებული იმ ღირსსახსოვარი ღამის სასწაულებს იხსენებენ. ბეთლემის გასახსენებლად მათ სხვა მიზეზიც აქვთ: სწორედ ამ  უძველეს ქალაქში აღიზარდა საქართველო მფარველი  დიდმოწამე წმიდა გიორგი. ასე რომ, საიდანაც არ უნდა მივუდგეთ, ქრისტეშობის  ბიბლიური ისტორია ქართველებისთვის ძალზე ძვირფასია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0