მართლმსაჯულება

თბილისში ნაცემი პოეტი ხულიგნობისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

27
(განახლებულია 16:20 29.12.2017)
პოეტი ზვიად რატიანი დააჯარიმეს, ხოლო პოლიციელების ქმედებას ჯერ კიდევ თბილისის პროკურატურა იძიებს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართველი პოეტი ზვიად რატიანი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულად ცნო და  2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, ნათქვამია სასამართლოს Facebook-გვერდზე.

აღნიშნული თანხა პოეტმა 7 დღეში უნდა გადაიხადოს.

ზვიად რატიანი 23 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათისთვის თამარ მეფის გამზირზე დააკავეს  საპოლიციო კონტროლის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავად რატიანის განცხადებით, მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა. მისი თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგად იგი დროებითი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელების მიმართულებით უცენზურო ლექსიკას იყენებდა.

სასამართლო მოსმენების დროს პოლიციამ მობილური ტელეფონით გადაღებული რატიანის დაკავების კადრები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რატიანი თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელებს, მოგვიანებით პოეტმა აღიარა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაკავების ფაქტი ნაწილობრივ ახსოვს.

პოეტის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ცეცხლსასროლი იარაღის ან ძალის გამოყენებით“, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს.

27
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1375)