40 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან: საზეიმო წირვა სვეტიცხოველში - პირდაპირი ეთერი

გამოწერა
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, ინტრონიზაცია 25 დეკემბერს გაიმართა

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორე მღვდელმთავრებთან,  ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლენს.სვეტიცხოველში ასევე იმყოფებიან სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. 

ამასთან, წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილეც აღინიშნება, 2018 წლის 4 იანვარს კი პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, ინტრონიზაცია 25 დეკემბერს გაიმართა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები ღონისძიებები, კონფერენციები და საქართევლოში მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციების მოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი, თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", – აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.

1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.

1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პრემიერი: ილია მეორემ საქართველოში სულიერება ააღორძინა

ილია მეორე (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში  გიორგი შიოლაშვილისა და ნათალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 
1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს კი  კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში  ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ  ილია მეორე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963-1972 წლები) რექტორი. 1967 წელს  ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა, 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.





 

ყველა ახალი ამბავი
0