რა კავშირი აქვს ქრისტიანულ ბარბარობას ძველქართულ ბარბალეს კულტთან

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

17 დეკემბერი, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეა. გილოცავთ ამ ქრისტიანულ დღესასწაულს, რომელიც  გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში იგი  ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად,  აგრეთვე ხელოსანთა მფარველად მიაჩნდათ. მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების მფარველი ქალი ღვთაება. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში ბარბარობას უფრო ადრე, ქრისტიანობამდეც აღნიშნავდნენ. ასტრალური კულტები საქართველოში  სხვადასხვა წეს-ჩვეულების სახით გვიანობამდე შემორჩა. ჩვენთან, ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში პირველი ადგილი მზეს და მთვარეს ეკავა. ამასთან, მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალი ღვთაების სახით (მზექალი, ბარბალე), ხოლო მთვარე — მამაკაცის სახით. 

ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე.

 ბარბალე – ასტრალური ბუნების ნაყოფიერებისა და მზის განმასახიერებელი ქალი-ღვთაება, ასახულია როგორც სვანების, ასევე სხვა ქართული ტომების უძველეს რელიგიურ წეს-ჩვეულებებში.

ბარბალობა დღეს დეკემბერში სწორედ მზის ბუნიაობას ტარდებოდა ლოცვა-ვედრება და შესაწირავის მიძღვნა. ზოგ თემში შუა ცეცხლთან, ზოგან სალოცავში, უმთავრესად კი კერიაში ამომავალი მზის მხარეს ანდა აღმოსავლეთით მდებარე სარკმელთან სრულდებოდა. ზემო სვანების რწმენაში სახლის ეს ნაწილი წმინდათაწმინდა ადგილად იყო მიჩნეული, რაც მზის თაყვანისცემის ნიადაგზე უნდა გავრცელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კერიის ამ მხარეს ისეთი რიტუალებიც სრულდებოდა, რომელიც მზისადმი არ იყო მიძღვნილი, ეს თავისთავად ამტკიცებს ამ კუთხეში ოდესღაც მზის უდიდესი კულტის არსებობას. 

© FB/Nana Tsintsadzeწმინდა ბარბარეს მირონმდინარე ხატი
წმინდა ბარბარეს მირონმდინარე ხატი - Sputnik საქართველო
წმინდა ბარბარეს მირონმდინარე ხატი

 ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოყენებული საგნებიც, მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. ქართველთა წარმოდგენების თანახმად ბარბალეს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სნეულებათაგან განკურნება იყო, განსაკუთრებით ეს ეხებოდა თვალების განკურნებას, თვალთა შუქის მინიჭებას. მაგალითად, სვანეთში ბარბალობას ორ მრგვალ კვერს გამოაცხობდნენ ყველით და კვერცხის გულით და თან შესთხოვდნენ ქალ-ღვთაებას თვალის ჩინი არ მოეკლო მათთვის. ამ კვერების შეწირვა სახლში მზის მხარეს სრულდებოდა და რიტუალისას ოჯახის ყველა წევრს, შემწირველის გარდა, თვალები დახუჭული უნდა ჰქონოდა. როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა.  შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა-ბარბალობის წესების რამდენადმე შენარჩუნებით. თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა.  შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო პროდუქტი — ლობიო.

სავარაუდოდ, ლობიოს შემოსვლამდე იყენებდნენ ოსპს, ცულისპირას ან მუხუდოს. ღვთაება ბარბალეს კულტში  ხშირად ფიგურირებს შინაური ფრინველები, განსაკუთრებით მამალი,  როგორც განთიადის მაუწყებელი ფრინველი, უმეტეს შემთხვევაში მზესთან იყო ასოცირებული. მამალთან დაკავშირებული მაგიურ-რელიგიური რწმენა-წარმოდგენები მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ფრინველებს უკავშირებდნენ მზის ბუნიობას, მაგალითად, სვანეთში მიიჩნევდნენ, რომ ზამთრის ბუნიობის დროს მზე მამლის ერთ ან სამ ნახტომს აკეთებს და ამის მერე დღე მატულობს. გურულების შეხედულებით ბარბალობიდან დღე მატულობს ქათმის თითო ფეხის ნაბიჯზე. ვერ გეტყვით რომელია უფრო დასაჯერებელი, თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტიანულ ბარბარობასა და ძველქართულ ბარბალობას!

 

ყველა ახალი ამბავი
0