რას გააკეთებს პირველ რიგში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლომჯარიას პირველი სამუშაო დღე: საქართველოს ქალი-ომბუდსმენი თანამდებობაზე

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუშაობას შეუდგა — დილით სახალხო დამცველის აპარატში მივიდა, სადაც ახალ თანამდებობაზე პირველ სამუშაო დღეს გაატარებს.

ნინო ლომჯარიამ უჩა ნანუაშვილი შეცვალა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ლომჯარიას კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წამოაყენა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ნოემბრის ბოლოს დაამტკიცა.

„რაც შეეხება პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად ჩემთვის პრიორიტეტი იქნება ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ვაპირებ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა. ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა", — განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
96 ხუთის წინააღმდეგ - ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიეს

პრიორიტეტებს შორის მან ასევე მშრომელთა უფლებების დაცვა დაასახელა.

„ვაპირებ გავაძლიერო რეგიონული ოფისების საქმიანობა, ასევე თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები", — აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი აპარატი სერიოზულად მოჰკიდებს ხელს არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლას. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით 1 დეკემბრის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გახდა, როდესაც სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის ორი მოზარდი დაიღუპა.

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე მუშაობს, 51-ე სკოლაში მომხდარმა ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არის სკოლაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითიც დავინტერესდები, იქნება ეს საქმე", — აღნიშნა ლომჯარიამ.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში სისხლიანი გარჩევის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს

ნინო ლომჯარია საქართველოში მეორე ომბუსდმენი ქალი გახდა. 2000-2003 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

ნინო ლომჯარია დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ კი — ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (სენტ-ლიუისი, აშშ).

• 2005 წელს დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სადაც სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა.

• 2011 წელს ლომჯარია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

• 2015 წლიდან ბოლო დრომდე ორგანიზაციაში კონსულტანტი იყო არჩევნებისა და სამართლის საკითხებში. 2015-2016 წლებში ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელში (ENEMO) ეკავა გენერალური მდივნის თანამდებობა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
რისი გაკეთება მოასწრო ხუთ წელიწადში უჩა ნანუაშვილმა

ნინო ლომჯარია არის რამდენიმე კვლევის ავტორი, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლასა და საარჩევნო გარემოს ეხება.

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს სულ ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0