ვირუსისგან დაცვის ზომები

როდის ველოდოთ გრიპის ვირუსებს საქართველოში დასახელდა სავარაუდო დრო

120
(განახლებულია 21:07 30.11.2017)
სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში გავრცელებულია სამი ტიპის რესპირატორული ვირუსი, რომლებიც იწვევს გრიპს: პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. გრიპის სეზონი საქართველოში სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს დაიწყება, განუცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ჟურნალისტებს.

„პროგნოზის წინასწარ განსაზღვრა არ ხდება, მაგრამ მონიტორინგი მუდმივად ტარდება. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება ვირუსი და იანვრის ბოლოს არის პიკი“, — აღნიშნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, გასული კვირის მონაცემებით, გავრცელებულია, სულ ცოტა, სამი ტიპის რესპირატორული ვირუსი, რომლებიც იწვევენ გრიპს. ესენია: პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები.

ქართველი სპეციალისტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში ცირკულირებას დაიწყებს А/H3 ან B ვირუსების ქვეტიპები.

ზახაშვილმა საზოგადოებას ვირუსებისგან დაცვის მიზნით იმუნიზაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.

„გრიპის ვირუსი ერთადერთია, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და პრევენციისთვის უნდა ჩაიტაროთ იმუნიზაცია. ეს გიცავთ მაღალი ავადობისგან, იცავს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ყველაზე მძიმე გართულებისგან“, — განაცხადა მან.

რაც შეეხება დაავადებულებს, ხათუნა ზახაშვილმა მათ შინ დარჩენა და ექიმის დანიშნულებით მკურნალობა უჩია, რათა თავი აარიდონ ვირუსების გავრცელებას მოსახლეობაში.

120