თბილისის ტელეანძა

ექვსი ქართული არხი 1 დეკემბრიდან საკაბელო ტელევიზიებიდან ითიშება

2518
(განახლებულია 19:25 30.11.2017)
ქართული არხები გაითიშება ინტერნეტ ვებ-გვერდ myvideo.ge-ზეც.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. „იმედი", „რუსთავი 2", „მაესტრო", GDS, „მარაო" და „კომედი არხი" — ეს ის ექვსი ქართული არხია, რომლის ყურებას საკაბელო კომპანიების აბონენტები 1 დეკემბრიდან ვეღარ შეძლებენ საქართველოს მასშტაბით, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართული არხები გაითიშება ვებ-გვერდ myvideo.ge-ზეც.

2017 წლის მაისში ექვსმა ქართულმა ტელეარხმა საკაბელო ტელევიზიებს მათი მაუწყებლობის გავრცელებისთვის ანაზღაურება მოსთხოვა. ერთად ამ ექვსი კომპანიის ტრანსლირებისთვის გადასახადი თვეში ერთ დეკლარირებულ აბონენტზე 1,5 ლარს შეადგენს, რომლის გადახდა არა მაყურებლის, არამედ საკაბელო ოპერატორის ვალდებულებაა.

ამ პირობებს ჯერჯერობით მხოლოდ კომპანია „მაგთიკომი″ დათანხმდა და მისი აბონენტები აღნიშნული ტელეარხების ყურებას 1 დეკემბრიდან ჩვეულებრივ გააგრძელებენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს" კომპანია „სილქნეტიდან″ აცნობეს, არხები არ გაითიშება მათი აბონენტებისთვისაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა საკაბელო ტელევიზიებთანაც.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტელევიზიებს უფლება აქვთ მოითხოვონ საფასური მათი არხების ტრანსლირებისთვის. თუ მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისთვის საკაბელო ოპერატორისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, მაშინ მაუწყებელსა და ოპერატორს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება.

მაისის შემდეგ ექვს ქართულ არხსა და „საკაბელო ტელევიზიების კავშირს″ შორის დავა საპარლამენტო სივრცეში გაგრძელდა. „საკაბელო ტელევიზიების კავშირმა″ პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა. მათ სურდათ, რომ საკაბელო ოპერატორებს ქართული ტელეარხების მაუწყებლობის უფასო ტრანზიტის საშუალება მისცემოდათ. პარლამენტმა მათი საკანონმდებლო ინიციატივა არ დააკმაყოფილა.

მაყურებელს ქართული არხების მიღება ღია ციფრული სიგნალითა და თანამგზავრის საშუალებით უფასოდ შეუძლია.


ხატია გიგოლაშვილი

2518