სასტუმრო Biltmore и Radisson

შიდსით დაავადებულები თბილისში ახალ ცენტრში იმკურნალებენ

28
(განახლებულია 18:05 30.11.2017)
თბილისში შიდსის ახალი ცენტრის ასაშენებლად მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი უკვე შერჩეულია, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ცენტრის მოქმედი შენობის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების ნახევარზე მეტს ემსახურებიან, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს. როგორც მედპერსონალი აცხადებდა, მათ აუტანელ ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ მუშაობა. 

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა. ჩვენ უნდა გაგვერემონტებინა ყოფილი საავადმყოფოს შენობა, მაგრამ შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროების გამო ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო შიდსის ცენტრის რემონტისთვის და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – აღჭურვილობის შესაძენად.

სერგეენკოს სიტყვებით, ახალი ცენტრი, რომელიც დიღმის რაიონში განთავსდება, ორი წლის შემდეგ ამოქმედდება.

ცენტრის მედპერსონალმა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართა. საქმე ისაა, რომ კომპანია „ავერსი–ფარმამ“ რამდენიმე წლის წინ შეიძინა ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ინფექციური პათოლოგიის ცენტრი და, თანამშრომლების სიტყვებით, ამ კომპანიამ მათ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცენტრის თანამშრომლებს აღნიშნული საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

28
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (131)