საქართველოში ყველა ახალშობილს სმენას შეუმოწმებენ

© AFP 2024 / JONAS EKSTROMERახალშობილი. საარქივო ფოტო
ახალშობილი. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ახალშობილების სმენას მხოლოდ რამდენიმე ქალაქში ამოწმებდნენ.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა სამშობიარო 2018 წლის 1 მარტიდან ვალდებული იქნება ახალშობილთა სმენა შეამოწმოს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოში ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა 2007 წელს თბილისში დაიწყო. თუმცა დღეისათვის "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ თბილისში ხორციელდება. აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს და ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამით მოცულია აჭარის რეგიონში დაბადებული ახალშობილების სკრინინგი, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოს (ზუგდიდი) და გურიის რეგიონებს მოიცავს.

ჩვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა

ოთხშაბათს თბილისში ევროკავშირის მხარდაჭრით განხორციელებული პროექტის "სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა" ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში".

კანფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემა ვერ იქნება ეფექტური, თუ ახალშობილთა სმენის სკრინინგი ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით დაბადებული თითოეული ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თითოეული სამშობიარო ვალდებული იქნება განახორციელოს ახალშობილთა სმენის უფასო სკრინინგი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და აღნიშნული დარგის ექსპერტებმა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation.

ყველა ახალი ამბავი
0