სამების საკათედრო ტაძარში ომის გმირების პანაშვიდი გაიმართა

გამოწერა
საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პანაშვიდი გაიმართა.

1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. 2010 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, ამ თვეში კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა.

სოხუმი - Sputnik საქართველო
აფხაზეთში ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იპოვეს

სამოქალაქო პანაშვიდზე შეიკრიბნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ ომში დაღუპული 25 გმირი. ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის. საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დაღუპულმა გმირებმა სამშობლოსადმი სიყვარულისა და თავდადების მაგალითი აჩვენეს.

„ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება", — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო ჯილდოებზე პრეზიდენტს საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ადამიანების სია წარუდგინა.

პრემიერის ინიციატივით ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილი არიან: ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა ნეშტები - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ომის გმირები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა

მანამდე უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ფარცვანია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

პრემიერ-მინისტრის წარდგენა უკვე გაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე.წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.

ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათეულობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0