პანორამა თბილისის ერთ-ერთი კომპლექსის მშენებლობა

„პანორამა თბილისი“: სასამართლომ საქმე ნაწილობრივ შეწყვიტა

147
(განახლებულია 16:24 23.06.2017)
პროექტი „პანორამა თბილისი“ ითვალისწინებს დედაქალაქის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის – მსხვილი ტურისტული და ბიზნეს–ცენტრების მშენებლობას, რომლებიც ერთმანეთთან საბაგიროებითა და გამჭვირვალე ლიფტებით იქნებიან დაკავშირებული.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 22 ივნისს ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე მოპასუხეების სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სარჩელი 2016 წელს შეიტანა, მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენდა მათი ძალაში შესვლის დღიდან. ამ აქტების თანახმად, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის „სოლოლაკის ბაღების“ და „სოლოლაკის მაღლობის“ მშენებლობის ნებართვები გაიცა.

სასამართლომ საქმის მთავარ სხდომაზე ზეპირი მოსმენით საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ“ არსებული მოთხოვნების ნაწილში მათი გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

„გასაჩივრებული აქტების შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს ერთი წლის შემდგომ (2016 წლის ივნისი), ნაცვლად კანონით დადგენილი ერთი თვისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რჩება წარმოებაში და საქმის განხილვა გაგრძელდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში“, — ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ არ დაურღვევიათ ხანდაზმულობის ვადა, რადგან არ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის იმ ადგილის რუკის გარეშე, სადაც შენდება სასტუმრო კომპლექსი და რომელიც ამტკიცებს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის ისტორიული ზონის ლანდშაფტზე. ეს რუკა კულტურის სამინისტრომ მათ მხოლოდ 2016 წელს მიაწოდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ჩაეთვალა, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნით ჩვენ ხანდაზმულობის ვადა დავარღვიეთ. გასაჩივრების უფლებას ჩვენ მივიღებდით მხოლოდ მაშინ, როცა მივიღებდით შესაბამის დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო  „Новости-Грузия“ საია-ს წევრს სულხან სალაძეს.

„პანორამა თბილისის“ პროექტი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ ფინანსდება და იგი არაერთხელ გამხდარა ეკოლოგებისა და გარემოს დამცველთა კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი.

სკეპტიკოსებისთვის გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება – შეცვალონ თბილისის ისტორიული სახე, მაშინ, როცა შესაძლოა ეს თანხები ქალაქის სხვა რაიონის განვითარებას მოხმარდეს. გარდა ამისა, მათი თქმით, ამ მშენებლობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გარემოს და გააუარესოს ისედაც ავარიული შენობების მდგომარეობა.

147