შემოდგომა

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ქარიშხლის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

21
(განახლებულია 16:59 25.04.2017)
ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ საქართველოს ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. აჭარის, გურიისა და სამეგრელოს იმ მოსახლეობას, რომელიც ქარიშხლის შედეგად უშუქოდ იყო დარჩენილი, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კომპანია Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენელმა.

ძლიერი ქარი საქართველოს მოსახლეობას პრობლემებს შაბათიდან უქმნის — ქარმა წააქცია ხეები, სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც უშუქოდ რამდენიმე ათასი აბონენტი დარჩა. ქარის სიჩქარე წამში 32 მეტრს აღწევდა. დაზიანებული სახურავის შეკეთების მცდელობისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მის მანქანას ხე დაეცა.

„ქარიშხლით დაზარალებულ ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ჩვენმა ბრიგადებმა აღდგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყეს", — განაცხადა კომპანია Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენელმა. კომპანია ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 70%-ს ამარაგებს.

უამინდობამ Energo-Pro Georgia-ს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა, თუმცა საჭირო მასალების მობილიზება და დაზიანების ყველა ადგილზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება დროულად მოხერხდა, აღნიშნეს კომპანიაში.

ამჟამად დასავლეთ საქართველოში ქარი ჩადგა და მისი სიჩქარე წამში 10 მეტრს აღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი წამში 15 მეტრის სიჩქარით უბერავს, ზოგან მისი სიჩქარე წამში 25 მეტრამდე აღწევს. თბილისში ქარის სიძლიერე წამში 13 მეტრია, თუმცა ქალაქის გარეუბნებში 25 მეტრს აღწევს.

21