თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის წინ ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება.
"სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები", აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.
განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა, აღნიშნულია განცხადებაში.
სურსათის სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეებისთვის ადგილის გამოყოფის შესახებ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები.
ქუჩაში ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა თბილისში მარტის ბოლოს დაიწყო. მერიის თანამშრომლებმა პირველად მარჯანიშვილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მოასუფთავეს. ამან გარემოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.