მოსამართლის ჩაქუჩი

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს პატიმრობა მიუსაჯეს

45
(განახლებულია 19:40 23.03.2017)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს განაჩენი გამოუტანა და პროკურატურის ბრალდება შეამსუბუქა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით პატიმრობა შეუფარდა, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წელი, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის მაისში დააკავეს, როდესაც მანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ნარკოტიკების ნაწილი პოლიციამ კურტანიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინა, აღნიშნეს სასამართლოში.

სასამართლომ გამოძიების პერიოდში როსტოშვილი და კურტანიძე გაათავისუფლა, თითოეული 150000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

თავდაპირველად მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით ისჯება.

ხუთშაბათს, საქმის განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტოშვილი ბრალდებულად სცნო განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში, ხოლო კურტანიძე — დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში.

ლევან როსტოშვილი, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილია, როგორც "როსტო", ადრე "ნანუკას შოუს" თანაწამყვანი იყო, როდესაც გადაცემა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადიოდა.

ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობს, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადის.

45