აღდგენითი სამუშაოები ბათუმში

ბათუმის ქუჩებში აღდგენითი სამუშაოები ტარდება

25
ბათუმში 11 მარტს მომხდარი არეულობის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები დილიდანვე დაიწყო, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. 

დაზიანებულია გზის გამყოფი ჯებირები, დეკორატიული ფილები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

ქალაქის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  ქუჩებში ფილების აღდგენის პროცესი თითქმის დასრულებულია, გარდა ამისა, დღის ბოლომდე აღდგება საგზაო ნიშნები, რომელთაც აუცილებლობის შემთხვევაში ახლით შეცვლიან. აუცილებლობის შემთხვევაში ასევე შეიცვლება დაზიანებული შუქნიშანი.

დაკარგულია გზის გამყოფი ჯებირები. ამ დროისთვის თავიდან ამონტაჟებენ ჯებირებს. 

ბოლო ინფორმაციით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანია დაკავებული. დაზარალდა და დაშავდა 34 ადამიანი — მათ შორის, პოლიციის 15 თანამშრომელი.

ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. გუშინ მომხდარი არეულობის დრო მომიტინგეებმა ავტომობილები დაწვეს.


25
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)