ყურძენი

ასპინძის მოსახლეობა ნიჯგორში არსებული მარნებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

24
სოფლის მოსახლეობა ძველი მარნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიმნიჭებასა და მათ აღდგენა-რეაბილიტაციას ითხოვს.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორის მოსახლეობა ძველი მარნების აღდგენას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

ძველი მარნები ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიჯგორში ამ დროისთვის მიტოვებულია. რამდენიმე საუკუნის წინ აქ მესხური ჯიშის ვაზი იყო გაშენებული. როგორც ცნობილია, ადგილობრივები აღნიშნულ ადგილს ხეხილის შესანახადაც იყენებდნენ. 

ადგილობრივები ძველი მარნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიმნიჭებასა და მათ აღდგენა-რეაბილიტაციას ითხოვს. 

„ყველას ჩვენ-ჩვენი მარანი გვაქვს, მარამ ვერ ვეპატრონებით, რადან შემოსავალი და საშუალება არ ვაქვს. რომ აღდგეს, ჩვენც გაგვიჩნდება სამუშაო და ტურისტებსაც მოვიზიდავთ“, – განაცხადა სოფელ ნიჯგორის მცხოვრებმა ფრიდონ ასპანიძემ. 

სოფლის მოსახლეობის განცახდებით, რეაბილიტაციას საჭიროებს მარნებამდე მისასვლელი სამანქანო გზაც.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განაცხადეს, მათთვის ამ საკითხზე არავის მიუმართავს. 

ბოლო წლებში მესხეთში უძველესი მესხური ვაზის გაშენება დაიწყო. შარშან 5 ჰექტარ მიწაზე მესხური 17 ჯიშის ვაზი ჩაიყარა. წელს იქ 400 წლის შემდეგ პირველი რთველი გაიმართება.

მესხეთში ისტორიულად გავრცელებული ვაზის ჯიშებია: როკეთულა, სამარიობო, ცხენისძუძუ (თეთრი და შავი), ბეჟანა, შავი ასპინძურა, ახალციხის თეთრი, ცხენის ძუა, თამარის ვაზი, მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, თავდაკიდული, თავცეცხლა, მესხური თითა, კლდის წითელი, საფარეული, თეთრი და შავი ბუდეშური, მამლითვალა, კლერტმაგარა.


24