ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა

გამოწერა
სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი რთული კლიმატური პირობების გამო იყო შეჩერებული.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განახლდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, გასული წლის ნოემბერის თვეში  საეკლესიო სასანთლეს ცეცხლი მოეკიდა. ამის შედეგად თამარ მეფის უნიკალური ფრესკა ნაწილობრივ მურით დაიფარა.

სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი რთული კლიმატური პირობების გამო შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის რესტავრაცია კვლავ განახლებულია.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
ხანძარი ვარძიის მონასტერში: დაზიანებულ ფრესკას აღადგენენ

რესტავრატორები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს ჭვარტლისგან წმენდენ. პროცესში იტალიელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. პარალელურად მუშაობენ სამონასტრო კომპლექსის განვითარების რეკომენდაციებზე.

ვარძიის კომპლექსის ტერიტორიაზე 15 ეკლესიაა, აქედან მთავარი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც დიდებული ფრესკებია შემონახული. არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია. თავის დროზე ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს.


ყველა ახალი ამბავი
0