წერილი

დედის წერილი შვილს: ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და შენ გამო ყველა საქმე მივატოვო...

138191
(განახლებულია 15:09 01.11.2016)
ყველა მშობელი სხვადასხვაგვარად ეკიდება შვილს — ვინ შეძლებისდაგვარად დიდხანს არიდებს მათ სიძნელეებს და ვინ, პირიქით, ბავშვობიდან აჩვევს აზრს, რომ სამყარო სასტიკია, ხოლო ცხოვრება რთული.

თუ ამ მეორე მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით, მაშინ ქვემოთ შემოთავაზებულ წერილში საჭირო რჩევებს აუცილებლად მოძებნით.

წერილი, რომელიც ერთმა ქალბატონმა, დარია კოროლკოვამ მისწერა საკუთარ თინეიჯერ ქალიშვილს, დღემდე აქტიურად განიხილება ინტერნეტში.
აი ისიც:

დარია კოროლკოვა ქალიშვილთან ერთად
დარია კოროლკოვა ქალიშვილთან ერთად

1. 3 წლის მერე შეიძლება სახლიდან გაგაგდო. საშინლად ჟღერს, არა? მაგრამ იცოდე, რომ 18 წლისას მოქმედების ორი გზა გექნება:

ა) აბარებ უმაღლესში და მეც ყველანაირად გეხმარები მის დამთავრებამდე ან სამსახურის შოვნამდე; ბ) ან სწავლას „იკიდებ“ (ამის გამო არასდროს გისაყვედურებ), მუშაობას იწყებ და თავად იკმაყოფილებ საკუთარ მოთხოვნებს. მე არ ვაპირებ შევინახო 18 წელს გადაცილებული გოგო, რომელიც არ სწავლობს, იმიტომ რომ ეს არასწორად მიმაჩნია.

3 წელი გაქვს დარჩენილი არჩევანის გასაკეთებლად…

ჰო, მართლა, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ, როგორ გადავაკეთოთ ბინა: შენ ოთახში ჩვენი საძინებელი იქნება.

2. შენ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ. შენ შესანიშნავი გოგო ხარ. 15 წელია გიცნობ და ვიცი, რომ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმოვიდგენდი. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. და კიდევ ცოტა მამიკოსიც… თუმცა მას კიბეებიდან ვიღაცების დაშვება კარგად გამოსდის და ამიტომ არ ვნერვიულობ.

3. შენ აბსოლუტურად სხვა, ცალკე პიროვნება ხარ. შენ არ უნდა გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს — სრული უფლება გაქვს, არ გაითვალისწინო ჩემი შეხედულებები და არ მიჰყვე ჩემს ღირებულებებს. ოღონდ არის ერთი ნიუანსი: მერე პასუხისგებაც თავად მოგიწევს ყველაფერზე.

4. შეგიძლია გახდე მეეზოვე, „მანიკურშა“, დურგალი, ხარატი, დიასახლისი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, ოფის-მენეჯერი თუ „აშანის“ მოლარე. შენი ცხოვრების გზის არჩევაში არ ჩავერევი, მაგრამ აუცილებლად გადაიკითხე პირველი პუნქტი.

5. იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ვალის გადახდა მოგთხოვო. ეშმაკსაც წაუღია, მე შენგან არც ჭიქა წყლის მოწოდებას ველოდები და არც მაძღარ სიბერეს, არც შენ „ნობელებზე“ ვოცნებობ.  სრული უფლება გაქვს, აირჩიო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ფასეული, ან კიდევ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვა. ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენზეა.

6. მე მუდამ გვერდში გეყოლები, თუ დაგჭირდები — რაც უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. თუ მთხოვ, შეგიცოდებ და მხარში ამოგიდგები, თანაგიგრძნობ და შევეცდები დაგეხმარო. მაგრამ არასდროს ჩავერევი შენ საქმეში ჩემი ნებით.

7. ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და მეც შენ გამო ყველა საქმე მივატოვო, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.  

8. ვის გაჰყვები ცოლად, გააჩენ თუ არა შვილებს, გახდები თუ არა ლესბოსელი, შეხვალ თუ არა „ედინაია როსიაში“ — ამ ყველაფერს ყოველთვის თავად გადაწყვეტ. ჩემმა შეხედულებებმა, პოლიტიკურმა სიმპათიებმა და ცხოვრებისეულმა რწმენამ შენზე არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს. შენ შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გული, სინდისი და ანგარება, გამორჩენის ინტერესი გკარნახობს. ამის გამო არ დამკარგავ, არ ამოიშლები ჩემი შვილობიდან, არ იქცევი პერსონა ნონ-გრატად.

9. ამის გაგება იოლი არაა, მაგრამ სიმართლე კია: ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ჰო, მეც. ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ვითარებაში იქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. არავინ იფუჭებს ცხოვრებას შეგნებულად (თუ ფსიქიკურად ჯანმრთელია), ადამიანები ისე იქცევიან, როგორც მათთვისაა უკეთესი. არაუმეტეს. უბრალოდ, თქვენი წარმოსახვები სამყაროზე ერთმანეთს არ ემთხვევა.

10. არ არსებობს არც წარმატების მიღწევის გარანტირებული ხერხები და არც წარუმატებლობის თავიდან აცილებისა. შენ ვერ აკონტროლებ სამყაროს. შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ მაინც ტრ…ში აღმოჩნდე. შეიძლება ქვეყნად ყველა წესი დაარღვიო, მაგრამ მაინც დაიპყრო მწვერვალები.

11. ერთადერთი, რაზეც უნდა ფიქრობდე — ეს პატიოსნებაა. თავი არ მოიტყუო. ისწავლე საკუთარი თავის გაგება. გააცნობიერე ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. იფიქრე ისე, როგორც შენთვის აჯობებს.

12. სად დაიკავებ სხვის ადგილს — ინსტიტუტში თუ მაღაზიის სალაროსთან, ვიღაცის ცხოვრების სიყვარულთან დაიწყებ შეხვედრას, თუ ვიღაცის საყვარელ ადგილზე დაჯდები კინოში — ამაზე ბევრი არ იფიქრო. შენი „ცუდი“ ყოველთვის იქნება ვიღაცისთვის „კარგი“. ასე რომ, გაქვითულები იქნებით. 

13. 18 წლიდან საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებ პასუხს… ბავშვიც გააჩინე, თუ მის მარტო გაზრდას შეძლებ. შეეჭიდე პროექტს, თუ კოლეგების გარეშე, მარტო მის დაძლევას მოახერხებ. ემიგრაციაში წადი, თუ უცხო ქვეყანაში მარტო დარჩენა არ გაშინებს. მარტო! თუ გაგიმართლებს და დამხმარეები გამოგიჩნდებიან — ახლობლები და მეგობრები, ცხოვრება გაგიიოლდება. მაგრამ ისინი შენთან ვალში არ არიან. ამის იმედი არ გქონდეს.

14. ყველა ნაბიჯს მოსდევს შედეგი. შესაძლოა, ყველაფერს წინასწარ ვერ ხვდებოდე, მაგრამ ეცადე მაქსიმუმი გათვალო. რაც უკეთ გათვლი ვარიანტებს, მით გონივრული იქნება შენი ნაბიჯები.

15. 14 პუნქტი ჩამოგიწიკწიკე, რომლებიც, ჩემი აზრით, შენს ცხოვრებას ჩემსაზე უკეთესს გახდის. მაგრამ შენ მე არ ხარ. არ შემედარო. ჩემზე არ სწორდე. წადი და იცხოვრე. იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ჩემი შვილი იყო. მე მინდოდა სამყაროში ისეთი ადამიანი მომევლინა, რომელიც საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებდა. ჰოდა, წადი და იცხოვრე.

15 ა) ოღონდ მერე არ იწუწუნო.

15 ბ) და არ გამორთო ტელეფონი. ვნერვიულობ.

138191
გიორგი გახარია

გახარია: ნებისმიერი შემდგომი შეზღუდვები იქნება მხოლოდ ლოკალური

50
(განახლებულია 12:31 27.09.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სისტემური და მასშტაბური შეზღუდვები ქვეყანაში ამ ეტაპზე არ იგეგმება

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება >>

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომ ღონისძიებებს ექნება მიზნობრივი და ლოკალური ხასიათი, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ.

„ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად – დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 294-ით გაიზარდა და 5254-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 87 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

50
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტესტირება კორონავირუსზე

ქვეყნის მასშტაბით 20 კრიტიკული პაციენტია: COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში

55
(განახლებულია 12:36 27.09.2020)
დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 81% აჭარასა (193) და თბილისში (43) გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით იმერეთში გაცილებით ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 (66%) აჭარას უკავშირდება, 43 (15%) კი თბილისს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: გურიაში - 16, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთში - 5, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში – 4, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობას 3 348 ადამიანი გადის, აქედან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17 მართვით სუნთქვაზეა. 

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 1 800-ზე მეტი კოვიდინფივირებულია რეგისტრირებული. მათგან 494 პაციენტი მკურნალობს რეგიონის რვა კლინიკაში. კოვიდსასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 949 პირი, ბინაზე კი 400-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

აჭარაში დღეს 32 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 87.

ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

55
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნიკოლ ფაშინიანი

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში: სომხეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

18
(განახლებულია 13:41 27.09.2020)
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჯარებში რეგისტრირებული პირად შემადგენლობას ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადება უბრძანა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ.

„მთავრობის გადაწყვეტილებით სომხეთის რესპუბლიკაში ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნების მომენტიდან შედის. პირად შემადგენლობას, რომელიც ჯარებშია რეგისტრირებული, ვუბრძანებ გამოცხადდეს ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში. სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის“, - დაწერა თავის Facebook-გვერდზე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანის მხრიდან „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

18
თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა