გიორგი კვირიკაშვილი გმირთა მემორიალთან

თბილისში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

10
(განახლებულია 15:34 09.01.2017)
საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ აღინიშნება. ამ დღეს 1993 წელს დაეცა სოხუმი.

თბილისში გმირთა  მემორიალთან, რომლებიც 1992-1993 წლებში საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში ემსხვერპლნენ, სამშაბათს ხალხმრავლობაა — ღამიდან აქ მოაქვთ თაიგულები, ყვავილები და სანთლებს ანთებენ. გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად მოდიან პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და დაღუპულთა ახლობლები.

1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რომელსაც ქართული ნაწილები იცავდენენ. სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური სამხედრო ფორმირებების კონტროლს დაექვემდებარა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე კონტროლი დააწესეს. საქართველოში ამ თარიღს როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს აღნიშნავენ.

„ამ ომის შედეგად, ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და, ამ ომს თავიდანვე არ ჰყავდა გამარჯვებული",-განაცხადა პრმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი

დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ გავაერთიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს — ხაზი გაუსვა პრემიერმა.

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს, პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლთა ხსოვნას, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში. ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო შეიქმნას", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას
პრეზიდენტის პრესსამსახური
საქართველოს პრეზიდენტი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას

გმირთა მემორიალთან ყვავილები ასევე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოიტანეს.

„საქართველოს თავისუფლებასა და  დამოუკიდებლობას, სამწუხაროდ ბევრი სისხლი დასჭირდა. დღევანდელობა, საქართველოს მომავალი, შენდება სწორედ იმ ადამიანების გმირობაზე, ვისაც ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ,“ — განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარი ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.

„ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში მშვიდობიან თანაცხოვრებას“, — განაცხადა იზორიამ. 

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეასრულა.

"ღმერთი ხედავს, რომ საქართველო რასაც აკეთებს, აფხაზეთისათვის, ცხინვალისათვის, ეს ყველაფერი წრფელი გულით იყო და არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი. რომ საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი“, — განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

10