რომის პაპი ფრანცისკი

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში გაიმართება დევიზით „მშვიდობა თქვენდა“

342
(განახლებულია 15:36 09.01.2017)
რომის პაპ ფრანცისკის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპზე განთავსებულია იოანეს სახარებიდან აღებული დევიზი „მშვიდობა თქვენდა“.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. რომის პაპ ფრანცისკის საქართველოში ვიზიტი პარასკევს იწყება. მისი ვიზიტის ლოგოტიპზე გამოსახულია სტილიზებული ჯვარი, რომელიც ფორმით წმინდა ნინოს ჯვარს მოგვაგონებს. ყვითელი და წითელი ფერები ვატიკანისა და საქართველოს დროშების ფერებია, აღნიშნულია ვატიკანის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ლოგოტიპზე იოანეს სახარებიდან აღებული დევიზი Pax vobis (მშვიდობა თქვენდა) ორ ენაზე – ლათინურად და ქართულადაა დაწერილი.

რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპი
ვატიკანის პრეს–სამსახური
რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპი

ფრანცისკ I თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ რომის პაპი თავაზიანობის ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეწვევა. იმავე საღამოს, პრეზიდენტის სასახლის ეზოდან, ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიესალმება.

იმავე საღამოს დაგეგმილია პაპისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში. ამის შემდეგ ფრანცისკ I ასირო–ქალდეურ კათოლიკურ თემს შეხვდება.

მომდევნო დღეს, შაბათს, 1 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება. დასასრულს, დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს.

კვირას, 2 ოქტომბერს, გამომშვიდობების ცერემონიის შემდეგ პაპი ბაქოში გაემგზავრება.


342
თემები:
საქართველოს რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა (33)