ახალგაზრდები

„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოში ბევრი სტუდენტი სწავლის საფასურს ვერ იხდის

77
(განახლებულია 10:50 18.01.2017)
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის შედეგების თანახმად, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, სტუდენტები იძულებული არიან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას თავი დაანებონ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 35 ათას 841 ადამიანს სხვადასხვა მიზეზით სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს,  ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

ძირითადი მიზეზები, რის გამოც სტატუსის შეჩერება ხდება — მძიმე სოციალური მდგომარეობა და სასწავლებლისადმი ფინანსური დავალიანებაა.

„გამომდინარე იქიდან, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით 35 000 ათასზე მეტია, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდი გამოწვევაა. განათლება, რომელიც მთავარი იარაღია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის", — ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს  მოუწოდებს შეიმუშავონ ალტერნატიული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, თუმცა უსახსრობის გამო იძულებული არიან სწავლას თავი დაანებონ. გარდა ამისა, იურისტები თვლიან, რომ აუცილებელია საუნივერსიტეტო ბაზაზე სტუდენტების დასაქმების პროგრამა შეიქმნას, სადაც ისინი სწავლისა და მუშაობის შეთავსებას შეძლებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა. ჯეჯელავამ განაცხადა, რომ უწყება ამ ბავშვებთან, მათ ოჯახებთან იმუშავებს, რათა ქვეყენაში ეს მაჩვენებელი დაიწიოს.

ორგანიზაციის ადვოკატ მარიამ ფირცხალაიშვილის განმარტებით, კვლევა ქვეყნის მასშტაბით 75 ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.

ანალოგიური კვლევა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ადრეც ჩაატარა. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში 28 ათასზე მეტ სტუდენტს  სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, 2014 წელს 33 ათას 575 ახალგაზრდას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 აგვისტოს მონაცემებით კი სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 1018-ით გაიზარდა.

77