სამძებრო ოპერაცია ზღვაში

საქართველო თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემს ელოდება

39
(განახლებულია 18:04 18.08.2016)
თურქული ხომალდი საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი, ხოლო პერსონალს სამაშველო-სამძებრო სამუშაოების წარმოების გამოცდილება გააჩნია.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი საქართველოში პარასკევს შემოვა და შავ ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ძებნას შეუდგება, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გონიოში საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებში ირიცხებიან.

თურქულ მხარეს დახმარებისთვის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა. თურქული ხომალდი საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი, ხოლო პერსონალს სამაშველო-სამძებრო სამუშაოების წარმოების გამოცდილება გააჩნია.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით ოთხშაბათს შემოვიდა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ. სამძებრო ოპერაციაში „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც არის ჩართული.

ამასთან ერთად მიმდინარეობს გამოძიებაც. მომხდარის დეტალებს არკვევენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და შსს-ს გენერალური ინსპექცია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლის დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია.

გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

39