მართლმსაჯულება

"რუსთავი 2"- ის სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის ადვოკატების გარეშე ჩატარდა

26
(განახლებულია 16:23 07.06.2016)
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოპასუხე მხარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო, უარი თქვა. შესაბამისად, მოთხოვნა, ნიკა გვარამია დაეშვათ სასამართლო სხდომაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისი, 7ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვისას ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი პროცესზე არ დაუშვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გარდა ამისა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სხდომაზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაშვებასთან დაკავშირებითაც.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დასდო ბრალი. მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ უარყო აღნიშნული ბრალდება, ამასთან სასამართლომ არ მიიღო „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა ნათია გუჯაბიძის საქმიდან აცილების შესახებ და სასამართლო სხდომა დაატოვებინა ნიკა გვარამიას, შემდეგ კი ტელეარხის ადვოკატებს.

მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოპასუხე მხარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო, უარი თქვა. შესაბამისად, მოსამართლეებმა იურისტების მოთხოვნა, ნიკა გვარამია დაეშვათ სასამართლო სხდომაზე, არ დააკმაყოფილა.

„როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებდა, ის 10 წელი ემზადებოდა ლოგოს და გადაცემების უფლებების დასაბრუნებლად. ყველამ იცოდა, რომ დღეს დასრულდებოდა პროცესი, პაატა სალიამ კი უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე… ამით პაატა სალიამ, ფაქტობრივად, მწვანე ხალიჩა დაუგო მოსამართლეებს იმისთვის, რათა მათ ჰქონოდათ „სამართლებრივი საფუძველი“, პროცესზე არ დაეშვათ ნიკა გვარამია და ასევე ჩვენ — ადვოკატები“, — განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მოსამართლეთა გადაწყვეტილების შემდეგ სხდომათა დარბაზში მყოფმა პოლიტიკოსებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში „რუსთავი 2“-ის წილის 60% ხალვაშს გადასცა, ხოლო 40% — მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“. გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიის დროებითი მმართველებიც დანიშნა.

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დროებითი მმართველების შესახებ გააუქმა და „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ფინანსური დირექტორის კახა დამენიას უფლებამოსილება აღადგინა.

ამჟამად ტელეკომპანია თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

26
თემები:
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (74)