საქართველოს შეიარაღებული ძალები

დაჭრილ ქართველ სამხედროებს კერძო სექტორში დაასაქმებენ

6
(განახლებულია 18:12 29.03.2016)
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს შეღავათიანი მომსახურება შესთავაზა არა მხოლოდ დაჭრილი, არამედ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრნენ, დაცვის კომპანია ALGANI-სა და ქიმწმენდის კომპანია Bonjiorno-ში დასაქმდებიან, განაცხადეს საქართველოს თავდაცვს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

თავდაცვის უწყებასა და  კომპანიებს  შორის სამი მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს ხელი ორი კომპანიის წარმომადგენლებმა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ მოაწერეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. კერძო სექტორი გამოხატავს მზადყოფნას, რომ გადაინაწილოს ის ტვირთი, რასაც ჰქვია ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კომპანიამ შემოგვთავაზა შეღავათიანი მომსახურება არა მხოლოდ დაჭრილი, არამედ, მოქმედი სამხედროებისთვისაც. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა — სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთად გასწევენ იმ ჭაპანს, რასაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და განვითარება ჰქვია“, — განაცხადა ანა დოლიძემ.

„ალგანი ჯგუფი“ მსურველებს დაცვის თანამშრომლის, სწრაფი რეაგირების თანამშრომლის, ტექნიკოსის,  მძღოლის, გარე გაყიდვების აგენტის, ასევე, დამლაგებლის, მწმენდავის, ელექტრიკოსის, სანტექნიკოსის ვაკანსიებს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში კომპანია  კანდიდატთა გადამზადებას, სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კომპანია „ბონჯორნოს“, აქ დასაქმება დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებსაც შეეძლებათ. გარდა ამისა, კომპანია თავად სამხედრო მოსამსახურეებს  ქიმწმენდის მომსახურებაზე  20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

დაჭრილი ქართველი სამხედროების ზუსტი რაოდენობა დღეისთვის უცნობია. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უკვე არსებობს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი, რომელიც მათთვის სამუშაო ადგილების მოძიებით არის დაკავებული. ამას გარდა, დეპარტამენტი უკვე დასაქმებული სამხედროების მონიტორინგსაც აწარმოებს.

6