თამარ ბაბილუა

ეროვნული რეკორდი: ქართველი პიანისტი ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში უკრავდა

680
(განახლებულია 14:16 30.03.2016)
სიმსივნით დაავადებულმა გოგონამ თავისი მიზნის მიღწევა შეძლო და ეროვნული რეკორდი დაამყარა - ის ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში უკრავდა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოში საინტერესო რეკორდი დაამყარეს — პიანისტი თამარ ბაბილუა ფორტეპიანოზე 25 საათის გამავლობაში შეუსვენებლად უკრავდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

ექსპერიმენტი საქართველოს ეროვნული ბილიოთეკის სააქტო დარბაზში 28 მარტს 12:00 საათზე დაიწყო და 29 მარტს 13:00 საათზე დამთავრდა. ამ დროის განმავლობაში ბაბილუამ 500-მდე კომპოზიცია — როგორც საკუთარი თხზულებები, ისე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.

 პიანისტი თამარ ბაბილუა
Levan Avlabreli
პიანისტი თამარ ბაბილუა

ეს ქართველი პიანისტის რეკორდის დამყარების პირველი მცდელობა არ არის. პირველად თამარ ბაბილუამ ექსპერიმენტი 2015 წელს გადაწყვიტა. თუმცა მალე გოგონას სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. მძიმე ავადმყოფობის გამო თამარმა მაშინ ექსპერიმენტი გადადო, რადგანაც ის დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა.

„2015 წელს YouTube-ზე ბენს პიტერის (Bence Peter) ვიდეო ვნახე, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა. ამის შემდეგ მიზანი დავისახე. 2015 წელს მსოფლიო რეკორდის დამყარება და ფორტეპიანოზე 25 საათის განმმავლობაში დაკვრა მინდოდა. მაშინ რეკორდი 22 საათსა და 10 წუთს შეადგენდა. მაგრამ ჯანმრთელობის გამო ამის გაკეთება ვერ შევძელი. ამის შემდეგ რეკორდი მოხსნა მამაკაცმა ინდოეთიდან, რომელმაც 127 საათი და 8 წუთი დაუკრა. ამ რეკორდის მოხსნაც მინდოდა, თუმცა ჩემმა ექიმებმა ეს სარისკოდ ჩათვალეს. ამიტომ დღეს ეროვნული რეკორდი მოვხსენი“, — აღნიშნა ბაბილუამ.

თამარ ბაბილუა, რომელმაც რეკორდი დაამყარა, ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უკრავდა.
Levan Avlabreli
თამარ ბაბილუა, რომელმაც რეკორდი დაამყარა, ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უკრავდა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა ბაბილუას რეკორდს ნებისყოფის ძალის დემონსტრაცია უწოდა.

„ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მან მაინც მიაღწია თავის მიზანს. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი მცდელობები ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თამარის მიღწევა პირველი და ერთადერთი შედეგია, რომელიც წარმატებით დასრულდა“, — განაცხადა ბეგიაშვილმა.

თამარ ბაბილუა ფორტეპიანოზე სამი წლიდან უკრავს. არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. წერს სიმღერებს და მუსიკას კინოფილმებისთვის. თანამშრომლობს შემსრულებლებთან, ჯგუფებთან და ჩამწერ სტუდიებთან.

პიანისტს დღეღამის განმავლობაში მეგობრები ამხნევებდნენ
Levan Avlabreli
პიანისტს დღეღამის განმავლობაში მეგობრები ამხნევებდნენ

2014 წლიდან თამარ ბაბილუა ჯგუფ „ნიუტონის“ პიანისტი და ვოკალისტია.

680