საქართველოში 100 სკოლას აღადგენენ

გამოწერა
საქართველოს რეგიონების სკოლებში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის შედეგად 41 ათასი მოსწავლე უფრო კომფორტულ პირობებში ისწავლის.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში, ფონდ „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველოს“ (Millenium Challenge-Georgia) პროექტის ფარგლებში, 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია ოთხი წლის შემდეგ დასრულდება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოფელ ოკამის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
თბილისის სკოლები გარემონტდება

„ეს იმ სოფლების სკოლებია, სადაც კონტიგენტი დიდია და სკოლები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, — აღნიშნს განათლების სამინისტროში.

კასპის რაიონის სოფელ ოკამის საჯარო სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციის შემდეგ ის ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამჟამად სკოლაში 400-მდე მოსწავლე ირიცხება, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ, სკოლის დირექცია დარწმუნებულია,რომ მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. სკოლას სამი წელია სასკოლო ავტობუსიც ემსახურება.

პროექტის შედეგად, 41 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და სწავლის ხელმისაწვდომობა. 

წელს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება.

2015 წელს, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და ამისთვის 54 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

პარალელურად განათლების სამინისტრო დანარჩენ სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები დასრულებულია 1500 სკოლაში, თუმცა პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს ყველა, 2085-ვე სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში არ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0