შეყვარებულები

პროკურატურა: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების სქემა გახსნილია

66
(განახლებულია 23:10 15.03.2016)
ამ დროისათვის დაკავებულია საქმის ოთხი ფიგურანტი, ხოლო მეხუთის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს გამოაცხადა მედიაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სქემის გახსნის შესახებ. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2015 წლის 26 დეკემბერს, გელა ღურწკაიამ, შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა+“-ის ოფისში, ამავე ორგანიზაციის დირექტორს ელისო კილაძეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელების მიზნით, წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 3 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მედია ჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დირექტორისათვის — ელისო კილაძისთვის გასაღება. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, თავის მხრივ 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს, ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ ხსენებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოღებული იქნა ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც როგორც დგინდება შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მიაწოდა ხსენებული ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან — 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ,  დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.


66
თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში (24)