სტუდენტების საპროტესტო აქცია

უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შიმშილობენ

9
(განახლებულია 23:05 15.03.2016)
უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტები შიმშილობენ რექტორის გადადგომის მოთხოვნით, ხოლო უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა ასევე შიმშილობა დაიწყო საპირისპირო მოთხოვნით.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ, შიმშილობა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც უნივერსიტეტის თვითმმართველობას წარმოადგენენ. მანამდე ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და აცხადებდნენ, რომ არ დატოვებენ კაბინეტს, სანამ პაპავა არ გადადგება. 

მოგვიანებით პაპავამ გადაწყვიტა შეხვედროდა სტუდენტებს, მაგრამ მოლაპარაკებების დასასრულს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა სტუდენტებს და ლექტორებსაც, რომლებიც ასევე შიმშილობენ, მხოლოდ საპირისპირო მოთხოვნით — პაპავა დარჩეს თავის პოსტზე. 

„ორივე მხრიდან ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ამიტომ მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა. მე მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ თემაზე, გარდა იმ საკითხისა, რომელიც რექტორის გადადგომას ეხება, რადგან ამას ზიანი მოაქვს უნივერიტეტისთვის“, — უთხრა პაპავამ ჟურნალისტებს.

 

ამ მოვლენების პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციას მართავს სტუდენტთა მეორე ჯგუფი. ისინი 10 მარტიდან სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების მინიმალიზაციას ითხოვენ, რომელსაც ბრალს სდებენ უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტის გაფლანგვაში. 

ეს არ იყო სტუდენტთა ერთადერთი მოთხოვნა — თავდაპირველად ისინი მოითხოვდნენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი არ დაენიშნათ  უნივერსიტეტის კანცლერად, რადგან მას სპეც-სამსახურებთან კავშირს აბრალებდნენ და ამას მიაღწიეს კიდეც ორშაბათს. 

ამჟამად სტუდენტები შექმნილი მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების რეაგირებას ითხოვენ.


9