სტუდენტების პროტესტი

სტუდენტებმა თბილისის უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის პიკეტირება დაიწყეს

17
(განახლებულია 21:02 15.03.2016)
თსუ-ში სტუდენტების ორი აქცია კვლავ გრძელდება. თვითმმართველობის მომხრეები რექტორის გადადგომას მოითხოვენ, ხოლო მეორე ჯგუფი თსუ-ის თვითმმართველობას ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ადგილზე მობილიზებული არიან უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, თუმცა სტუდენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მათ ვერ შეძლეს. შეჭრის დროს პაპავა კაბინეტში არ იმყოფებოდა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები რექტორის კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„რექტორს სტუდენტების პოზიცია სულ არ აინტერესებს, ის ჩვენ მართულ ძალას გვიწოდებს“, — განუცხადა ჟურნალისტებს თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
ამავე დროს, პაპავამ, რომელიც ასევე უნივერსიტეტის შენობაში იმყოფება, განაცხადა, რომ გადადგომის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

„მათთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. მე ჩემს აზრზე ვრჩები უნივერსიტეტის ერთიანობის შესანარჩუნებლად“, — განუცხადა პაპავამ ჟურნალისტებს.

მიუხედავად ამისა, ცნობილი გახდა, რომ რექტორი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დათანხმდა.

ამის პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტთა მეორე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ და თვითმმართველობის ფუნქციების მინიმიზაციას მოითხოვენ.

„მოვითხოვთ, შეგვიშვან უნივერსიტეტში. ჩვენი მიზანია 115-ე აუდიტორიის დაკავება და მსჯელობის იქ გაგრძელება – როგორ ვებრძოლოთ უნივერსიტეტში თვითმმართველობის სისტემასა და „ოდეერის“ (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) სტრუქტურას. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიცია შენობაში არ გვიშვებს“, — განაცხადა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ. მასმედიის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ პროცესში სპეცრაზმი ჩაერიოს.

საპროტესტო აქციები თსუ-ში 10 მარტს დაიწყო. აქციის მონაწილე სტუდენტების ძირითადი მოთხოვნა კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა იყო, რომელსაც სპეც-სამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების შემდეგ, მათ მიზანს მიაღწიეს — გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, მანამდე უნივერსიტეტთან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბიუჯეტის გაფლანგვაში ბრალდების გასაპროტესტებლად კონტრაქცია მოაწყვეს.

17
თემები:
თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქციები (21)