თბილისის ისტორიული ცენტრი

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ინტიმური ვიდეოკადრების გავრცელება დაუშვებელია

19
(განახლებულია 20:50 15.03.2016)
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა იანოშ ჰერმანმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში მთელი საზოგადოების ერთიანობა კარგი ნიშანია.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ადამიანების პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტის კომენტარისას.

Youtube-ზე უკვე ორჯერ გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

„ვეთანხმები საზოგადოებრივ აზრს, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კარგია, რომ ასეთი მასალების გავრცელების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მთელმა საზოგადოებამ ერთიანობა გამოხატა“, — განაცხადა ჰერმანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ინტერნეტში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი ქვედანაყოფის  ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.

საქართველოს პროკურატურაში განმარტეს, რომ ჯამალაშვილი და ფხალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელების და არა მათი ინტერნეტში ატვირთვის გამო დააკავეს.

19
თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში (24)