ასფალტის დაგება

საქართველოში ყველაზე საჭირო პროფესიები დასახელდა

102
(განახლებულია 19:50 15.03.2016)
თბილისში ყველაზე მეტი მიმტანების, მღებავების, მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტის, მეეზოვეების, აუდიოლოგებისა და ლოგოპედების ვაკანსიაა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტი მოთხოვნა პედაგოგის, მედიკოსის, ბუღალტრის, მიმტანისა და მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტის პროფესიებზეა, ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.

საქართველოში შრომის ბაზრის შესწავლის შემდეგ უწყებამ დაადგინა, რომ ზოგიერთ ორგანიზაციას კადრების სერიოზული დეფიციტი აქვს.

„ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბევრ მათგანს საკადრო რესურსებთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდება, რაც აიხსნება იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლები ვერ ახერხებენ სათანადო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კადრების მოძიებას; ადგილი აქვს აპლიკანტების სიმწირეს ან თავად აპლიკანტები არ თანხმდებიან შემოთავაზებულ ანაზღაურებას“, — განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი გამყრელიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს 63 387 ორგანიზაციაში 908 374 ადამიანია დასაქმებული.

კადრების შემცირება შეინიშნება სამშენებლო სფეროში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სფერო დასაქმების კუთხით მაინც ლიდერობს. 

თბილისში დასაქმების სფეროში ყველაზე მეტია მოთხოვნა მიმტანებზე, მღებავებზე, მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტებზე, მეეზოვეებზე, აუდიოლოგებზე (სმენასთან დაკავშირებული პრობლემების ექიმი) და ლოგოპედებზე (მეტყველების სპეციალისტები), სილამაზის სალონების მუშაკებზე, ბარმენებსა და ელექტრიკოსებზე.

რაც შეეხება აჭარას, აქ ყველაზე მეტად საჭირო პროფესიებია მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტი, უცხო ენების პედაგოგი, კურიერი, პორტიე, მცხობელი, კონდიტერი.

გურიაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა შემდუღებლებზე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე, ფერმის მუშახელზე, მუსიკისა და უცხო ენების პედაგოგებზე, მზარეულებზე.

იმერეთში დიდი მოთხოვნაა მეეზოვეებზე, შენობის ზედამხედველებზე, ინტერიერის დიზაინერებსა და დეკორატორებზე, ხელოსნებზე.

კახეთში ესაჭიროებათ მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტები, სამედიცინო მუშაკები, ავტომექანიკოსები და ბუღალტრები.

მცხეთა-მთიანეთში ყველაზე მეტად საჭიროებენ მეეზოვეებს, ინჟინრებს, მძღოლებს, მცხობელებსა და კონდიტერებს.

ქვემო ქართლში დამსაქმებლები ფარმაცევტების, ხელოსნების, რესტორნების მენეჯერების, მიმტანების დეფიციტის შესახებ, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — მეეზოვეების, შენობის მეთვალყურეების, გაყიდვების სფეროსა და სამედიცინო მუშაკების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ.

ბიბლიოთეკარებსა და შენობების მეთვალყურეებზე დიდი მოთხოვნაა სამცხე-ჯავახეთში, ხოლო საშუალო განათლების პედაგოგებზე, უცხო ენების მასწავლებლებზე, ბუღალტრებსა და მეეზოვეებზე — სამეგრელო-ზემო სვანეთში.

შიდა ქართლს ესაჭიროება ელექტრო-საინჟინრო ტექნიკოსები, კურიერები და პორტიეები, მეეზოვეები, მიმტანები.

რაც შეეხება უცხოელებს, საქართველოში ამჟამად სხვა ქვეყნების 5 573 მოქალაქე მუშაობს. ისინი, ძირითადად, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და მიმოსვლის, განათლების სფეროებში, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესში არიან დასაქმებული, განაცხადა გამყრელიძემ.

102