საქართველოს პრეზიდენტი: სექსი სირცხვილი არ არის

© photo: Presidential Press Serviceგიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად
გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა „ბნელი ძალა“, რომელმაც გადაიღო და გაასაჯაროვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, სასტიკად დაისჯება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა, რომ მას მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს.

Youtube-ზე უკვე ორჯერ გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. პირველ ჩანაწერში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, პოლიტიკოსი დასახელებულია. თუმცა, დღეს გავრცელებული ვიდეოს ავტორს პოლიტიკოსი არ დაუსახელებია, თანაც სექსით დაკავებულ ადამიანებს სახეები დაფარული ჰქონდათ. ავტორი ასევე დაიმუქრა, რომ მალე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების „მონაწილეობით“ მსგავსი ხასიათის რამდენიმე ვიდეოს კვლავ გაასაჯაროებს.

„დღეს შემიძლია ღიად ვუთხრა საზოგადოებას, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება — სამარცხვინო არ არის. პირადად მე სექსუალური ცხოვრება მაქვს, მქონდა და მომავალშიც მექნება… ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ეს ამაზრზენი ვიდეო გაავრცელა, დასჯილი იქნება. ამაზრზენია (კადრები) იმიტომ კი არა, რომ სექსუალურ ცხოვრებას ეხება, არამედ იმიტომ, რომ ეს გადაიღეს“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

პრეზიდენტმა მიმართა იმათ, ვისაც „ბნელი ძალები“ აშანტაჟებენ და დაარწმუნა ისინი, რომ ყოველთვის დაიცავს მათ, მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა. საქართველოს პირველმა პირმა ასევე პირობა დადო, რომ სასტიკად დაისჯება ყველა ის ნაძირალა, რომელმაც გადაიღო და გაასაჯაროვა კადრები.

პრეზიდენტის აზრით, საზოგადოება ღიად უნდა დაუპირისპირდეს ამ „ბნელ ძალებს“, რათა დაანახოს მათ, რომ მსგავსი ფორმით შეუძლებელია ვინმეს დაშანტაჟება ან ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა.

ორივე ვიდეო Youtube-ზე ატვირთვისთანავე შესაბამისმა სტრუქტურებმა დაბლოკეს.

მანამდე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვან უწყებებს საქმის უსწრაფესად გამოძიება დაავალა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლის დაკავებისთვის 1 მილიონი ლარის ჯილდოს დაწესების წინადადებით გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0