ძველი თბილისი

ხუთ მოქალაქეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებენ

17
(განახლებულია 15:27 08.03.2016)
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და მისმა თანამშრომლებმა მოქალაქეებს ქონება უკანონოდ და ძალისმიერი გზით ჩამოართვეს და მათ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრობით ემუქრებოდნენ.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სამართალდარღვევებს იძიებს, დაზარალებულებს 1 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სამ საცხოვრებელ სახლსა და ერთ საოფისე შენობას დაუბრუნებენ. ეს ქონება მათ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოერთვათ. 

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2010 წელს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთმა ყოფილმა პროკურორმა და მისმა თანამაშრომლებმა რამდენიმე მოქალაქეს უკანონოდ და ძალისმიერი მეთოდებით უძრავი ქონება ჩამოართვეს და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ პატიმრობით ემუქრებოდნენ. ამასთან ერთად უწყება აღნიშნავს, რომ ყოფილი პროკურორი არ დააკავეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გამოძიების დროს ის საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

„ამგვარად, საქართველოს მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ხუთ დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება 1 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის სამი საცხოვრებელი სახლი და ერთი საოფისე შენობა“, — აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტი გასული წლის მარტიდან ფუნქციონირებს. მის შემადგენლობაშია ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ოთხი პროკურორი, ათი გამომძიებელი და ოთხი კოორდინატორი. ერთი წლის განმავლობაში უწყებამ სააკაშვილის ხელმძღვანელობის დროს დაზარალებულებს უკვე დაუბრუნა ავტომობილები, სახლები და უკანონოდ ჩამორთმეული ბიზნესები.


17